ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ 8 მარტის კვირეულისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს შორის გათვალისწინებული იყო ორი ფლეშმობის ორგანიზებაც.
ერთ-ერთი ფლეშმობი ჩატარდა 8 მარტს, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დიდ ბანერზე დაიბეჭდა ცნობილი ფემინისტური პლაკატის („We Can Do It“) თემაზე შექმნილი ნახატი, რომელიც ქალთა კლუბის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის. ნახატზე ხევსურულ სამოსში ჩაცმული ქალია გამოსახული წარწერით „თავისუფლება ქალისუფლებას!“ .
ფლეშმობის მონაწილეები სთხოვნდნენ გამვლელებს დახმარებოდნენ პირქვე დამხობილი ნახატის წამოწევაში. უმრავლესობა დათანხმდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თავი შეიკავეს დახმარებისგან. წარწერის წაკითხვისას მამაკაცების რეაქცია სხვადასხვაგვარი იყო. ზოგი გაღიზიანდა, ზოგმა ჩათვალა რომ მოტყუვდა და ხაფანგში გაება, ზოგს უბრალოდ გაეღიმა, იყვნენ ისეთებიც ვინც იზიარებდა ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობას. ყველას ვინც დაეხმარა ქალთა კლუბის წევრებს ნახატის წამოწევაში დაურიგდათ საჩუქრად „სტიკერები“ წარწერით „თავისუფლება ქალისუფლებას“.
მეორე ფლეშმობი ჩატარდა 10 მარტს ალექსანდროვის ბაღში. ამ შემთხვევაში გამვლელები მხოლოდ მაყურებლის როლში იყვნენ. ფლეშმობი სიტყვებით თამაშის პრინციპზე იყო აგებული. სამმა ქალმა გაფინა თეთრეული. ზეწრებზე ეწერა სტატუსები, რომელშიც საზოგადოება ათავსებს ქალს. ფლეშმობის კონცეფცია მდგომარეობდა იმის ილუსტრაციაში, თუ რა მწირია არჩევანი, რომელიც ქალს გააჩნია პატრიარქალურ საზოგადოებაში. ეს კარგად გამოიხატება ენაშიც. ქალებმა გამოფინეს დამარცვლული სტატუსები, და ახდენდნენ პრეფიქს-სუფიქსების მონაცვლეობას, რომელიც ერთ ფუძეს ერთვის(გასა-თხოვ-არი, გაუ-თხოვ-არი, გა-თხოვ-ილი, გამო-თხოვ-ილი და ა.შ.). ფლეშმობის ბოლოს კი მოხსნეს გაფენილი „სარეცხი“ და დაკიდეს სლოგანი „თავისუფლება ქალისუფლებას“
No comments:
Post a Comment